22 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
"როდესაც დავშორდით ევროპას შიდა წესრიგით, გვითხრეს, რომ ამ გზით ჩვენთან ვერ შემოხვალთო, მგონი, გასაგები ამბავია" - ალექსანდრე რაქვიაშვილი 13 ქვეყნის განცხადებაზე

ოპოზიციის ნაწილი, ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს. "ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა," - წერია ერთობლივ ტექსტში.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამ განცხადებით ნათელი ხდება, რომ თუ საზოგადოება 26 ოქტომბერს "ქართულ ოცნებას" აირჩევს, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა.

"რაც შეეხება ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებას, დღესავით ნათელია ყველაფერი - 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ ჩვენ - სწრაფად მივდივართ ევროპისკენ, 26 ოქტომბერს თუ არ მოვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს საქართველოს სრულ იზოლაციას," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის ევროკავშირის 13 ქვეყნის განცხადება ლოგიკურია, რადგან საქართველო თავისი შიდა წესრიგით ევროპას დაშორდა.

"მიგვიღეთო, ხომ ვეუბნებით, ძალიან გვინდა ევროპაო - ვეუბნებით, ევროპა გვეუბნება, რომ ასეთი წესრიგი გვაქვს და ამ წესრიგს უნდა შეესაბამებოდეს თქვენი შიდა წესრიგი, ეს გააკეთეთ, ეს შეცვალეთ და მიგიღებთ. მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება იმაზეა აწყობილი, როგორ შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა, რომ დავაახლოოთ ევროპას და რა არის პრობლემა იმაში, რომ ჩვენ როცა შევწყვიტეთ ამის კეთება და დავშორდით ევროპას შიდა წესრიგით, ევროპელებმა გვითხრეს, რომ ამ გზით ჩვენთან ვერ შემოხვალთ. მგონი, ძალიან გასაგები ამბავია," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები