14 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კრივი რიჰში მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 3 ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კრივი რიჰში მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი გამოიტანეს - ისინი თავდასხმის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდნენ, რომელიც ასევე ოკუპანტების იერიშს ემსხვერპლა.

რუსეთმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტით გუშინ საღამოს შეუტია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. დაჭრილია 14 ადამიანი. რაც შეეხება ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ წერტილს - უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას, რომ კურახოვის წყალსაცავის დამბა მართლაც დაზიანებულია, რის გამოც მდინარე ვოლჩია ადიდდა.

უკრაინული მედია წერს, რომ დამბა რუსეთის ძალებმა გამიზნულად ააფეთქეს, რათა უკრაინის სამხედროების მომარაგება შეფერხდეს. დონეცკის ოლქში მდებარე კურახოვე ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი მიმართულებაა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა საბრძოლო მიმართულებაზე 185 შეტაკება მოხდა.

"კურსკის ოლქში ჩვენ მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის შესახებ მოხსენება მოვისმინე. ჩვენი სამხედროები იქ განსაკუთრებით დიდი რიცხოვნობის შენაერთებს აკავებენ, 50 ათას ოკუპანტს. კურსკის ოლქში არსებული ვითარების გამო ოკუპანტი მათ უკრაინაში სხვადასხვა საბრძოლო მიმართულებებზე გადასროლას ვერ ახერხებს. ვაფასებთ თითოეული ჩვენი მებრძოლის სიმამაცეს.

ყველა იმ ქვედანაყოფის, ვინც ამ ბრძოლებში მონაწილეობს. დღეს ჟოზეფ ბორელს, პირველ ევროპელ დიპლომატს ევროკავშირის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების და ურთიერთთანამშრომლობის განსახილველად შევხვდი. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ წლის ბოლომდე ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სრულად უნდა განახორციელონ ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ მილიონი საარტილერიო ჭურვი უნდა მიიღოს", -  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები