15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
კანონის გაწვევის მოთხოვნა - რას პასუხობს ევროპარლამენტარების მოწოდებას "ქართული ოცნება", რომელიც თვლის რომ უცხოელი დეპუტატები ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან

"ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან გამოხატულმა მხარდაჭერამაც დაადასტურა" - ასე პასუხობს ევროპარლამენტარების ნაწილის მოწოდებას მმართველი გუნდი. საუბარია იმ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა, სწორედ მაისში მიღებული კანონთა პაკეტის გაუქმებაზე გადის. სახელისუფლებო გუნდში პარტნიორებისგან არგუმენტებს ითხოვენ. ამბობენ, რომ მოზარდების დაცვის მსგავსი ინიციატივა შეუძლებელია ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს.

ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებას, უაპელაციოდ გასათვალისწინებლად მიიჩნევს ოპოზიციის დიდი ნაწილი. ამბობენ, რომ კანონები, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, გასაუქმებელია. ხელისუფლების ოპონენტების მთავარი არგუმენტი კანონის შინაარსის კრიტიკის ნაცვლად, დღეს მხოლოდ ევროპარლამენტარების მოწოდება იყო.

უნდა გაუქმდეს თუ არა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან გიორგი გახარიამ თავი შეიკავა. ექსპრემიერი ამბობს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ არსებული პაკეტის ნაწილობრივ გაუქმებას, ან კორექტირებას ემხრობა.

ოპონენტების პოზიცია დღეს მმართველ გუნდში არ გაჰკვირვებიათ. სახელისუფლებო პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი არასრულწლოვანთა დაცვას ემსახურება. საუბარი მის დისკრიმინაციულობაზე კი, ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტარებმა გუშინ იმსჯელეს - ევროპის სათათბირო ორგანოს წარმომადგენელთა ნაწილი ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერების მოსახსნელად ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონის გაუქმებას ასახელებს.

დღის ამბები