17 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
მეგობრისთვის ნასროლი 7 ტყვია და 15 წელი ციხეში - მოკლული ბიჭის დედა განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

მეგობრის მიერ მოკლული 25 წლის მამუკა ლომიძის დედას, ირინა შენგელიას - ქალს, რომელიც ემიგრაციიდან წლების უნახავი შვილის სიკვდილმა დააბრუნა, ახლა ერთადერთი მიზანი აქვს - გაასაჩივროს განაჩენი, რომლითაც მისი შვილის მკვლელს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დედა 9-თვიან სასამართლო განხილვას დაესწრო. ჰქონდა მოლოდინი, რომ დამნაშავეს ციხეში უვადოდ გაუშვებდნენ, თუმცა მოსამართლემ ბრალის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი, რასაც ჯემალ, იგივე ბაჩი სირაძეს და მის თანამზრახველ, ჯერ კიდევ ძებნილ არჩილ შადურს ედავებოდნენ, ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაცია შეეცვალა. სირაძეს მკვლელობა დაჰბრალდა და 15 წელი მიესაჯა, შადურს კი, დანაშაულში დახმარების მუხლით - დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ განაჩენის გამოცხადებამდე, მოსამართლემ ბაჩო სირაძეს საბოლოო სიტყვის უფლება. განსასჯელს, რომელიც მეგობრის მკვლელობას უარყოფს, არც სასამართლოსთვის და არც მოკლული მეგობრის ოჯახისთვის სათქმელი არაფერი აღმოაჩნდა. განაჩენი უმძიმესი მოსასმენი აღმოჩნდა მოკლულის დედისთვის.

მკვლელობაში დახმარების ბრალდებით გასამართლებული არჩილ შადურის ადვოკატი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. ბაჩო სირაძის ინტერებს კი სასამართლოში, სხვებთან ერთად, მისივე მამიდა იცავდა. მოსამართლის ვერდიქტით ისიც უკმაყოფილოა.

საბრალდებო მუხლის შემსუბუქებას, მოკლულის ოჯახის მსგავსად, არც პროკურორი ეთანხმება. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მამუკა ლომიძე განზრახ, ჯგუფურად მოკლეს. პროკურორი სააპელაციო საჩივრისთვის ემზადება.

2024 წლის 9 თებერვალი, თბილისი, კაფე "გალერის"კამერებით გადაღებული კადრები მამუკა ლომიძის სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს. ის მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში შედის. ცოტა ხანში კამერა იმავე კლუბში ბაჩო სირაძის შესვლას აფიქსირებს. მალევე კლუბში დაპირისპირება იწყება, ახალგაზრდები გარეთ გადიან. "კურიერი P.S-ის" მიერ, რამდენიმე თვის წინ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ მეგობრებს - სირაძესა და ლომიძეს შორის დაპირისპირების განმუხტვას ცდილობენ. მეგობრებს მამუკა ლომიძე რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიჰყავთ, ბაჩო სირაძე კი ამ დროს "ტოიოტას" მარკის ავტომობილში ჯდება და მანქანის მძღოლი, მასთან და კიდევ 2 პირთან ერთად, ტერიტორიას ტოვებს.

კაფე "გალერიდან" წასული მამუკა ლომიძე, მეგობარ გრიგოლ ზარნაძესთან ერთად, ბოლოს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ფიქსირდება. მათ ის ავტომობილი უახლოვდება, რომლითაც ბაჩო სირაძემ კლუბის ტერიტორია დატოვა. მანქანა ჩერდება, შეიარაღებული ბაჩო სირაძე გადმოდის და მამუკა ლომიძეს დამიზნებით, რამდენჯერმე ესვრის. რამდენიმე წამში მანქანაში ბრუნდება და ტერიტორიას ტოვებენ.

მამუკა ლომიძე სასიკვდილოდ დაჭრეს. მას ნასროლი 7 ტყვიიდან 4 მოხვდა. 25 წლის მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ამასობაში, თავდამსხმელმა მკვლელობის იარაღი მთაწმინდაზე, ერთ-ერთ ფარეხში დამალა, ორი თანმხლები რუსთაველის გამზირზე ჩამოსვა, თავად კი მძღოლთან, არჩილ შადურთან ერთად, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვების მიზნით ყაზბეგისკენ წავიდა. პოლიციამ ის ლარსის საზღვართან ახლოს, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავა. ბაჩო სირაძისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო არჩილ შადურმა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

მკვლელობის სავარაუდო მოტივი გამოძიებისთვის ცნობილია. რას მოჰყვა სასტიკი დანაშაული? ამ კითხვას 7-ტომიან საქმეში მოწმეთა ჩვენებები პასუხობს.

სააპელაციო სასამართლოში საჩივრები რამდენიმე კვირაში შევა. მსჯავრდებულები, სავარაუდოდ, სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვენ. მოკლულის დედას კი მხოლოდ ერთი - უვადო პატიმრობის მოთხოვნა აქვს.

 

დღის ამბები