მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულები უფლებადამცველებმა მოინახულეს. "უფლებები საქართველოსთვის" იურისტის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ორ - 173-ე და 166-ე მუხლებს ედავებიან.
"ისინი, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. მე რა კადრებიც ვნახე, მათ არ ჩაუდენიათ სამართალდარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ედავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ხოლო 166-ე წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.