პარლამენტის და საკუთარი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მოითხოვს თუ არა ოპოზიცია ოფიციალურად მანდატების გაუქმებას? - "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პარტნიორები, რომლებმაც იურიდიული ძალის არმქონე განცხადებები ტელეკამერების წინ, დემონსტრაციულად ერთხელ უკვე დაწერეს, ირწმუნებიან, რომ მზად არიან ახლა უკვე სამართლებრივი შესაძლებლობაც გამოიყენონ. პრინციპულ გადაწყვეტილებას ელოდებიან საკუთარი კოლეგებისგანაც. ოპონენტების საჯაროდ დადებული პირობები მმართველ გუნდს 2020 წლის მოვლენებს ახსენებს.
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ბარიერ გადალახულები ახლა უხერხულ მდგომარეობაში არიან, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველთან, რადგან რეალურად პარლამენტში შესვლისთვის გამოსავალს ეძებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის პოზიცია საბოლოოდ გარე მითითებებზე იქნება დამოკიდებული. ექსპრემიერი გახარიას გუნდი პარლამენტისთვის მიმართვას არ ჩქარობს.
ოპოზიციის მხრიდან კოლექტიური უარი მანდატებზე მათთვის რიტუალური ცეკვაა - ეს თავად გახარიამ ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რასაც იმავე ტელეეთერით მამუკა ხაზარაძის პასუხიც მოჰყვა - ტყუილი და "გაპრავების" მცდელობა. ძლიერი საქართველოს ლიდერისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დატოვოს მანდატები დანარჩენმა სამმა კოალიციამ თუ ოპოზიცია ერთდროულად არ იმოქმედებს. ირწმუნება, რომ მანდატების გაუქმების შესახებ კოალიციის განცხადებები ჩასაბარებლად მზადაა და მის კაბინეტში ინახება. ხაზარაძემ გახარიას შეხვედრა და ამ საკითხზე მოლაპარაკება საჯაროდ შესთავაზა.. გახარიას გუნდისთვის გაუგებარია, რატომ იწვევს კითხვებს მათი პოზიცია, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, როდის დაწერონ განცხადებები.
პარლამენტის პირველ სხდომამდე 3 დღით ადრე, ოპოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებენ - იყვნენ ერთსულოვნები და არც ერთი მათგანი არ შევიდეს პარლამენტში. 23 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის კი საჭიროა შეურიგებლობა არჩევნების შედეგებთან.