"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე 25 ნოემბერზე და ოპოზიციის აქციაზე ისაუბრა, რა დროსაც, პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, 2020 წელთან შედარებით, ოპოზიციაში წელს, გაცილებით დაბალი და შეუდარებლად დაბალი მუხტია. მისივე თქმით, აქცია იქნება, თუმცა ეს ხელს ვერაფერს შეუშლის და პირველი სხდომა ჩვეულებრივად ჩატარდება.
"პირველი სხდომის პარალელურად, დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ, უფრო მყარად ვართ ვიდრე 2020 წელს ვიყავით, უფრო თავისუფლები ვართ ეროვნულ, დამოუკიდებელ ქმედებებში, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამიტომ არის გაცილებით დაბალი და შეუდარებლად დაბალი მუხტი, ვიდრე 2020-ში იყო. მაშინ 2% იყო მათთვის გაყალბებული, დღეს 300 000 ხმაზე მეტია მათ რომ ჰკითხოთ. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს ჩვენ შეყოლა, მაგრამ ამიტომ არის რომ ჩვენ ირონია დიდად შეიძლება არ გვსიამოვნებდეს, მაგრამ ირონიის გარეშე, ამ საკითხებზე ვერ ვისაუბროთ. რა 300 000 ხმა - აი, ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად, თუმცა, პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარდება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.