"კაპუსტინ იარის" პოლიგონიდან დნიპროზე ნასროლი რაკეტა იდენტიფიცირებულია. რუსეთის სამხედრო არსენალის აქამდე უცნობი იარაღი, “ორეშნიკი” - მსოფლიოს პირადად პუტინმა წარუდგინა. თქვა,რომ ეს არა საკონტინენტთაშორისო, არამედ საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტაა.
უკრაინის ტერიტორიაზე კი მისი გამოცდა ამერიკულ Atacams-ებსა და ბრიტანულ Storm Shadow-ბზე პასუხია. რუსეთის ტერიტორიაზე მათი გამოყენების უფლებაც ლონდონმა და ვაშინგტონმა კიევს მიმდინარე კვირას დართეს.
ზელენსკი გლობალურ პასუხს მოითხოვს,რადგან თვლის,რომ ეს ომის ესკალაციის მორიგი მცდელობაა რუსეთის მხრიდან. მან ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იმის დასტურად მიიღო,რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. ქვეყანა ფრონტის ხაზზე ბრძოლას განაგრძობს და სულ მალე რუსეთს “ორეშნიკზე” პასუხსაც ჰპირდება. ზელენსკის სათქმელი თავდაცვის მინისტრმაც გაიმეორა.
სავარაუდოდ, კიევისთვის ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სრული მოულოდნელობა არ უნდა ყოფილიყო, რადგან მისმა პარტნიორმა ვაშინგტონმა მინიმუმ ნახევარი საათით ადრე იცოდა, რომ მოსკოვი ჰიპერბგერითი ქობინების გააქტიურებას გეგმავდა. პენტაგონში აღნიშნავენ, რომ ბირთვული რისკების შემცირების შეთანხმების ფარგლებში, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაცია შედგა.
იმის მიუხედავად, თუ ვის რა დამოკიდებულება და მოლოდინები აქვს უკრაინა-რუსეთის ომის ფინალზე, ევროპის ქვეყნები თანხმდებიან - რომ ახლა ამ ომში სერიოზული მომენტი დგას, შეიძლება ითქვას - გარდამტეხად სარისკო. სწორედ ამ მიზეზით, უკრაინის მხარდამჭერი ბერლინი ტაურუსის ტიპის რაკეტებს კიევს არ გაუგზავნის.ვარშავა თავდაცვის კომპონენტებს აძლიერებს. "ორეშნიკის" ამბავი აქ სერიოზულად მიიღეს, ისევე როგორც ბუდაპეშტში.
ომის 1004 -ე დღე უკრაინაში კვლავ გაძლიერებული რუსული იერიშების ფონზე მიმდინარეობდა. დღეს აგრესორის სამიზნე სუმის ოლქი იყო, რომელიც ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. დღეს განხორციელებული დრონების შეტევამ კიდევ 2 ადამიანი იმსხვერპლა, 12 დაჭრილია. ამას წინ ჰლუხივის რეგიონზე თავდასხმა უძღოდა, რამაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,მათ შორის მცირეწლოვანი.