მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური გზავნილები კვლავ "ვივამედის" კლინიკიდან, სასამართლოში ონლაინ ჩართვის დროს, გააკეთა. ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაწყებულ პროტესტზე საუბრობს და ოპოზიციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი ამბობს, რომ სწორედ ახლაა სწორი დრო, ყველამ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა იმოქმედონ და საპროტესტო მუხტი არ შეასუსტონ.
ყოფილი პრეზიდენტის გზავნილები ძალადობისა და არეულობის წახალისებად აღიქვა სახელისუფლებო პარტიამ, სადაც დღეს თქვეს, რომ თავის დროზე სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზეზიც სწორედ ეს იყო. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა ამ გზავნილების გაჟღერების დავალება უცხო ძალებისგან მიიღო.
სააკაშვილის გზავნილებს მისი გუნდი იზიარებს. პარტიაში ამბობენ, რომ ახლა ბრძოლა და პროტესტი მნიშვნელოვანია, ამ ბერკეტის გამოყენება კი აუცილებელი. სხვა
ოპოზიციურ პარტიებში ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაზე საუბარი არ ისურვეს, ერთადერთი, ვინც სააკაშვილის მოწოდება შეაფასა გიორგი გახარიას გუნდია, სადაც გზავნილს რადიკალური უწოდეს
მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, სახელისუფლებო პარტიისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მთავარი სურვილი და მიზანი ქვეყანაში რევოლუციის მოწყობაა, თუმცა, ”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას ამის რესურსი
არ გააჩნია.
საქალაქო სასამართლო დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავდა, სადაც ბრალდებული სწორედ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ის სამართალდამცველებმა 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს.