23 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
"საქართველოს ინტერესების დაზიანების მცდელობა" - როგორ აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების მიერ, ბრიუსელში გაგზავნილ წერილს

მოღალატეობრივი ნაბიჯები და საქართველოს ინტერესების დაზიანების მცდელობა - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების მიერ, ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე საუბრობს. ერთობლივ მიმართვაში, ოპოზიცია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, პოლიტიკური დიალოგის გაყინვას და ფინანსური დახმარების შეწყვეტას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის შეგრძნება არ აქვს და მხარდამჭერებისგანაც კი ადეკვატურ პასუხს იღებს.

წერილზე ხელმომწერ პარტიებში ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არ მოუთხოვიათ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მათი მიზანი ევროპის მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესება და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ ევროპის დედაქალაქში გაგზავნილი მოთხოვნებით, ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. "ქართული ოცნება" ოპონენტებს დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში ადანაშაულებს.

ოპოზიცია, არჩევნების შედეგებს 26 ოქტომბრის შემდეგ აპროტესტებს. ბარიერგადალახული 4 პარტია ბრიუსელისგან, საქართველოზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს.

 

დღის ამბები