28 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - რა წერია პროექტში

ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები, გამოდის ერთი წლის განმავლობაში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით - ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ დღეს მიიღო.

პროექტს მხარი დაუჭირა 444-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა 72. მიღებული ტექსტის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები "არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს“.

რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით უნდა გათავისუფლდეს. არის მოწოდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს.

მიღებული ტექსტი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების სანქცირებასაც მოითხოვს. მათ შორის არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. მე აქვე გეტყვით რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა - აღსანიშნავია ისიც, რომ სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი არ განსაზღვრავს.

სანქციების შემოღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სრული კონსენსუსით. რეზოლუცია ერთობლივად წარადგინა ხუთმა ძირითადმა ჯგუფმა: ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, ლიბერალებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა.

დღის ამბები