თბილისის საქალაქო სასამართლომ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულზე გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე დანაშაულს აღიარებს.
"დაცვის მხარემ დღეს აღიარა დანაშაული და მათ თავიანთ სიტყვაში აღიარეს დღეს, რომ ნამდვილად დაესხა [ალეკო ელისაშვილი] ბაბაევს თავს, უბრალოდ ისინი არ გვეთანხმებიან კვალიფიკაციაზე - ეს არის დევნა თუ ძალადობა. განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის არის ის, რომ ელისაშვილი დაზარალებულს თავს დაესხა პოლიტიკური მოტივით ეს არის ბრალდების მხარის პოზიცია და წარდგენილი მტკიცებულებებით ეს დასტურდება", - აცხადებს პროკურორი.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო "ქორტიარდ მარიოტთან" დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი "აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
უწყების ცნობითვე, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.