27 დეკემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ალეკო ელისაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულზე გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც სხდომაზე ელისაშვილმა განაცხადა, ალი ბაბაევი ბოლოს, სულ მცირე, 10 წლის წინ ჰყავდა ნანახი.

"რომელ პარტიაში იყო, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ვიცნობ სახით, სახელი და გვარიც არ მახსოვდა მისი. სახით მახსოვს, რადგან სახასიათო გარეგნობა აქვს. ძალიან მცდარად წარმოაჩენს ბრალდების მხარე, თითქოს მე თანმხლები პირები მყავდა. კაციშვილს არ ვიცნობდი ინციდენტის დროს. ცემა-ტყეპით და გინებით წამათრიეს, რუსეთის აგენტი ხარო და რაღაცებს მეძახდნენ. სად დამიბარეს, როდის დამიბარეს და არ მოვედი? - როდის ყოფილა, რომ მე კანონი დამირღვევია? არავისთვის წინააღმდეგობა მე არ გამიწევია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო "ქორტიარდ მარიოტთან" დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი "აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობითვე, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები