უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გუშინ ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე ისაუბრეს.
ზელენსკის განმარტებით შეხვედრა "პროდუქტიული" იყო და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად მუშაობას გააგრძელებენ.
პარალელურად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 988 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სარაკეტო სისტემებისთვის აღჭურვილობასა და უპილოტო საფრენ სისტემებს. ასევე - ტექნიკური მომსახურების პროგრამების მხარდაჭერას.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ჩემს, ემანუელსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის. მნიშვნელოვანი იყო დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, უკრაინელ ხალხზე და როგორ დავუჭიროთ მხარი მათ, იმის შესახებ, თუ რამდენად ძლიერები არიან უკრაინელები, რამდენად გამძლეები არიან ისინი. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. დღეს ჩვენ სხვადასხვა საკითხის განხილვის პროცესში ვართ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდები მეტს მუშაობდნენ. უკრაინის პოზიცია ნათელია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მიიღეს ჩვენი პოზიცია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.