14 დეკემბერი 2024,   17:47
ვრცლად
"ჩატარდა არჩევნები, რომლის შედეგადაც ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქვეყანა მიემართება ევროპული ინტეგრაციის გზით" - დავით მათიკაშვილი

ემანუელ მაკრონის მიმართვასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება სახელისუფლებო გუნდში - პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის და განხილვებისთვის - ადგილი პარლამენტია, სადაც ოპოზიცია შესვლას არ აპირებს.

მაკრონის მიმართვაზე შეფასება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმაც - მან აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მოისმინა პოზიტიური კომუნიკაცია საფრანგეთის პრეზიდენტისგან.

"ჩვენ მოვისმინეთ, ერთი მხრივ, საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია საფრანგეთის პრეზიდენტსა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს შორის. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან თავის მართლების მთელი კასკადი, როგორ ცდილობდა ოპოზიცია ეს კასკადი სათავისოდ შემოებრუნებინა და როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა, ეს მათ ვერ შეძლეს, ფიზიკურად ვერ გააკეთეს ეს ყველაფერი, და დამატებითი რაღაც დახმარების რგოლი, მცდელობა კვლავ მოვისმინეთ ჩვენ ელისეის სასახლისგან.

2025 წლის 20 იანვრიდან პოლიტიკური მდგენელი მსოფლიოში რადიკალურად იცვლება, შესაბამისად, რასაც მოასწრებენ, რაღაც მსგავსი მიდგომა არსებობს. დიალოგისთვის კარები ღიაა და ამაზე ჩვენ უარი არასდროს არ გვითქვამს, მთავარი ის არის, რაზე შეიძლება იყოს დიალოგი.

შემდგარი ფაქტია, მაგალითად, ის, რომ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. ამ არჩევნების შედეგად, ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება. ქვეყანა მიემართება ევროპული ინტეგრაციის გზით და, ერთი წამით, ამისგან არ გადაუხვევია. ეს საკითხები არის შემდგარი, მომხდარი ფაქტები, ამასთან დიალოგი სადამდე მიგვიყვანს, ღია კარის მტვრევას ვერ დავიწყებთ“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები