დედაქალაქში პირველი თოვლი მოვიდა. უხვი ნალექის გამო, ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, "თბილსერვის ჯგუფმა" ტექნიკური მარილის დაყრა თბილისსა და მის შემოგარენში გვიან ღამითვე დაიწყო. დედაქალაქის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, შეფერხების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ. უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები თითქმის ყველა რეგიონში შექმნა. ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზები ინტენსიურად იწმინდება. უამინდობამ პრობლემა შექმნა კახეთის რეგიონშიც.
12 საათის განმავლობაში, მოძრაობა აკრძალული იყო თელავი-გომბორი, ვაზიანის მიმართულებით. განსაკუთრებით რთული იყო ვითარება გომბორის უღელტეხილზე. ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია და მოძრაობაც აღდგენილია. ძლიერი ქარი იყო ბათუმში, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი. ამ დრომდე გრძელდება ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახლი ბულვარის გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან მიმდინარეობდა. უამინდობის გამო, დღეისთვის გაუქმდა აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მატარებლის რეისები. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა.
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე საუბრობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. დოდო გვაზავა ამბობს, რომ საქართველოში შენარჩუნდება ამიერკავკასიის შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრა. სინოპტიკოსის თქმით, რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ხოლო ცალკეულ რაიონებში ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ იმასაც, რომ დედაქალაქში ხვალისთვის უკვე გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, გზებზე გადაადგილებისას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.