"ქართული საზოგადოების ინტერესი მაიდანი და არეულობა არ არის, თუმცა ოპოზიცია პროცესების ამ გზით წაყვანას ჯიუტად ცდილობს" - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს, ე.წ. პროფესიულ მარშებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და თქვეს, რომ საპროტესტო მუხტის აწევას 2013 წელს უკრაინაშიც, სწორედ, ამ მეთოდით ცდილობდნენ. სახელისუფლებო პარტიაში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების გამოცდილ სტრატეგიაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამბობენ, რომ ახლა ოპოზიცია, მიზანმიმართულად, მოქალაქეებს ეფარება და საკუთარი გეგმების განხორციელებას ამ გზით ცდილობს.
პარალელები მაიდანთან სპეკულაციურად ჟღერს ოპოზიციისთვის. ბარიერგადალახული პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ამტკიცებენ, რომ რევოლუციური სცენარით არ მოქმედებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დედაქალაქის ქუჩებში გამართული მარშები სპონტანური სამოქალაქო პროტესტის ნაწილია.
თბილისში მიმდინარე პროტესტის მიღმა, მხოლოდ ოპოზიციის პარტიულ ინტერესებს ხედავენ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ოპონენტების ერთადერთ მიზანს - პროცესების ესკალაცია და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოადგენს.
საპროტესტო აქციები დედაქალაქში 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. დემონსტრაციების გარდა, თბილისის ქუჩებში არაერთი ე.წ. პროფესიული მარშიც გაიმართა.