საშობაო ბაზრობები და საახალწლო სოფელი, თბილისში 21 დეკემბერს გაიხსნება. საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც 7 იანვრამდე გაგრძელდება, ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში გაიმართება.
თბილისის მერის განცხადებით, რაც ქალაქში კეთდება ყველა მოქალაქეზეა გათვლილი და პოლიტიკური ნიშნით მათი დაყოფა არ ხდება.
"საახალწლო სოფლის ტრადიცია, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ 2017 წლიდან ძალიან დიდ პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული სტუმრები და რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის ყველაფერს გააკეთებს, რომ საახალწლო სოფელი ფუნქციონირებდეს და იღებდეს სტუმრებს. რა თქმა უნდა, ის რაც ქალაში კეთდება, კეთდება ყველასთვის, ჩვენ საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ყველას მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ 21 დეკემბერს", - განაცხადა კახა კალაძემ.
წელს სიახლეა ის, რომ იუსტიციის სახლის მიმდებარედ, გაიხსნება საციგურაო მოედანი. კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი თქვა 200-ზე მეტმა მეწარმემ. კახა კალაძემ ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პროცესებიც შეაფასა.
"ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს, 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო, რათა საშობაო სოფელში მიეღო მონაწილეობა, თითქოს, უარი თქვა, რაც ტყუილია. მოთხოვნა 800-მდე კომპანიას ჰქონდა გაკეთებული, ვისაც სურვილი ჰქონდა საშობაო სოფელში მიეღო მონაწილეობა.
ორბელიანების მოედანზე, "დედაენის ბაღში" და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება საშობაო სოფელი, სადაც ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.