შეტევის სტრატეგია სალომე ზურაბიშვილისგან - საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს და ამ მიზნამდე მისასვლელ მოკლე გზას ირჩევს. ზეწოლა შიგნიდან და გარედან - ასეთია გეგმა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაჟღერდა. პრეზიდენტთან ერთად, ახალი არჩევნების ჩატარების სრულ საფუძველს ხედავენ ოპოზიციასა და მესამე სექტორში. ხელისუფლება კი რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს, ამბობენ, რომ ამის კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. აქცენტი კეთდება სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადაზე. "ვნახოთ სად გააგრძელებს ცხოვრებას ზურაბიშვილი, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ" - ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია.
პრემიერის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ათონელზე ახალი არჩევნების ჩანიშვნის მიზნით მიიწვია, თუმცა მოგვიანებით ურჩიეს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა. მთავრობის მეთაურმა დღეს კონკრეტულად იმ კონსტიტუციურ ნორმებზეც ისაუბრა, რომლის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ან რიგგარეშე არჩევნები ინიშნება.
ოპოზიციასთან და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნაზე კონკრეტულად აღარაფერი თქვა, თუმცა საკითხი მთავარ მოთხოვნად დატოვა. თქვა, რომ ახალი სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი წინასწარ არაფერს ამბობს, ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაა. რჩევა ისევ პრემიერისგან მიიღო.
ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში ხშირად სტუმრობენ, მის ახალ სტრატეგიას მხარს უჭერენ. ზურაბიშვილის მსგავსად, ისინიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა.
ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება - ასე პასუხობს ოპოზიციას მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ამის არც სამართლებრივი და არც სხვა საფუძველი არ არსებობს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთობლივი გეგმა ვერ განხორციელდება.
სალომე ზურაბიშვილმა ხელახალი არჩევნების მოთხოვნის გეგმაზე ორბელიანების სასახლეში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.