25 დეკემბერი 2024,   09:11
ვრცლად
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას ხმაური არ მოჰყოლია

თბილისის საკრებულოს წლის ბოლო სხდომა დედაქალაქის მერმა პოლიტიკური განცხადებით გახსნა. საპროტესტო აქციები, გარე თუ შიდა ზეწოლა და ხელისუფლების პასუხი- კახა კალაძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. დედაქალაქის მერის თქმით, ოპოზიციის მიზანი-სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და დესტაბილიზაციის მოწყობა რეალობად ვერასდროს იქცევა. დედაქალაქის მერმა დღეს 2024 წელიც შეაჯამა.

2025 წლის თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი კი დეპუტატებს ვიცე მერმა წარუდგინა. მომდევნო წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარია. პრიორიტეტები 10 სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა მათ შორის ყველაზე მეტი თანხა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აღდგენისთვის დაიხარჯება.

დოკუმენტში გათვალისწინებულია- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ეკონომიკის ხელშეწყობა. საფინანსო დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, დეპუტატებმა დასვეს შეკითხვებიც. კითხვები არ დასმულა ოპოზიციის მხრიდან, მათი სკამები დღეს ცარიელი იყო.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის მომდევნო წელს 685 მილიონ 915 ათას 700 ლარი დაიხარჯება, ავარიული შენობა ნაგებობების გამაგრება/ჩანაცვლებისთვის ორას მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, დაახლოებით 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, 165 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას მოხმარდება, განათლებისთვის 261 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულომ 27 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები