წლის მთავარი ღონისძიება მასშტაბურ ხასიათს იღებს - ახალი წლის დღეები საქართველოში გრძელდება. საახალწლო აქტივობებს დილიდან 6 მუნიციპალიტეტი მასპინძლობს.
ზესტაფონმა დღის პირველი ნახევრიდან ყველა ასაკისა თუ გემოვნების სტუმარს უმასპინძლა. საშობაო ბაზრობა, თემატური ინსტალაციები, ფოტო-გადასაღები სტენდები და გასართობი სივრცეები. ღონისძიება ორკესტრის მსვლელობით დაიწყო და მთავარი ნაძვის ხის ანთებით გაგრძელდა.
საახალწლო პროგრამით დაინტერესებულ სტუმრებს დილიდან რაჭაშიც უმასპინძლეს. ონის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის მოედანზე ყველა თაობის წარმომადგენელს შევხვდებით. საშობაო ბაზრობა, ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - ონის მუნიციპალიტეტში ღონისძიება კონცერტით დაგვირგვინდა.
დასავლეთ საქართველოსთან ერთად, ახალი წლის დღეები აღმოსავლეთშიც აღნიშნეს. სიღნაღის ცენტრში ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა პატარებს საზეიმო განწყობა დილიდან შეუქმნეს. ადგილზე ასევე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები და საშობაო ბაზრობა.
ახალი წლის მოახლოება საგარეჯოშიც იგრძნობა - ქალაქის ცენტრში, საფესტივალო სივრცის მიმდებარედ მოწყობილია თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და სპეციალური სივრცე პატარებისთვის. დღის ბოლოს ქართველი შემსრულებლები მაყურებლის წინაშე წარდგნენ.
აბაშის განახლებულ მოედანზე დილიდან საზეიმო განწყობაა. მოწყობილია სხვადასხვა დეკორაციები, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტო-გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საღამო კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში ახალი წლის მოახლოება იგრძნობა. საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეების გარდა, დამთვალიერებლებს ქართველი მეწარმეების პროდუქციაც დახვდათ. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები. თიანეთში ახალი წლის დღეები საზეიმო ფეიერვერკით დაგვირგვინდა.