სოხუმის ცენტრში მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. დეპუტატის სახლი დაცხრილეს. შემთხვევა გუშინ, შუადღით, ჯონუას 36 ნომერში მოხდა. "მაზდას" მარკის ავტომობილში მყოფმა უცნობმა პირებმა ოთხსართულიან სახლს, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან, 25 ტყვია ესროლეს და ადგილიდან მიიმალნენ. სროლის დროს ადგურ ხარაზიას სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორიაზე, ამ დრომდე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ადგურ ხარაზიას სახლში სროლა ე.წ. პარლამენტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. მაინერების აკრძალვის შესახებ გამართული დებატების დროს, ადგურ ხარაზია კოლეგას კან კვარჩიას სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც იარაღი ამოიღო და კვარჩიას მისამართით ისროლა. კვარჩია მხრის არეში დაიჭრა. მათ გაშველებას ვახტანგ გოლანძია ეცადა, რა დროსაც ტყვია გულის არეში მოხვდა. ის, სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებით, ერთი საათის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეგრეთწოდებულმა სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ხარაზიას შენობის შეუფერხებლად დატოვების საშუალება მისცა. საქმის გამოძიებაც მომხდარიდან ოთხი საათის შემდეგ დაიწყო.
ადგურ ხარაზია ამ დრომდე მიმალვაშია. ე.წ. სამართალდამცავი უწყების განცხადებით, მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე