დღეს, დილიდან საახალწლო სამზადისი იყო ასპინძაში. "ახალი წლის დღეები საქართველოში" - ღონისძიების ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარედ, საშობაო ბაზრობა მოეწყო, პატარების განწყობაზე კი ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. დღე ასპინძაში ჯგუფი "რეგიონის" კონცერტით და "ფეიერვერკით" დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა ქარელშიც. ქალაქის ცენტრში მოეწყო დრამერების მსვლელობა. სპეციალურ სივრცეებში ხელნაკეთი ნივთების დამზადების მასტერკლასიც ჩატარდა. მოსახლეობის საახალწლო განწყობაზე ანიმატორები აქაც ზრუნავდნენ.
ახალი წლის მოახლოება აღნიშნეს თეთრიწყაროშიც - ზღაპრის გმირებით, ანიმატორებით, ფოტოგადასაღები ჯიხურებით, ილუზიონისტების შოუთი და კონცერტით.
მსვლელობა ანიმატორებთან ერთად, სანტას სახლი, სხვადასხვა გასართობი თამაში - ორგანიზატორებმა ხობის მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზეც იზრუნეს.
"ახალი წლის დღეები საქართველოში" - ღონისძიების მასპინძელი იყო ჭიათურა. უამინდობის მიუხედავად, კულტურის სახლის მიმდებარედ, თავი ყველა ასაკის ადამიანმა მოიყარა. დღევანდელი დღე ჯგუფ "ალილოს" კონცერტით დასრულდა.
63 მუნიციპალიტეტი და დაბა ბაკურიანი - პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქი საახალწლო ღონისძიებების მასპინძელია.
ხვალ წინასაახალწლო კონცერტები დედოფლისწყაროში, თელავში, მცხეთაში, ტყიბულსა და ბაკურიანში ჩატარდება.