ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - ჯაბალიას დევნილთა ბანაკზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც. ღაზას სექტორის მთელ ტერიტორიაზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის დარტყმების გამო, 27 ადამიანია მოკლული.
ანკლავში რთული ვითარებაა კლიმატური პირობების გამოც - ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ყინვის გამო, უკვე გარდაიცვალა 7 დევნილი. "ალ ჯაზირა" წერს, რომ დევნილების ყოფას ართულებს ჰუმანიტარული ვითარებაც.
ისრაელის ძალები ოპერაციას ახორციელებენ სირიაშიც. "ცახალის" საჯარისო ნაწილები სასაზღვრო ზონაში მდებარე ქალაქში შევიდნენ.
ისრაელის ძალებმა სირიასთან სასაზღვრო ბუფერული ზონა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიკავეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, აღნიშნული ზომა ისრაელის უსაფრთხოების აუცილებელი ამოცანაა.