05 იანვარი 2025,   15:48
ვრცლად
"ბატონი პოდოლიაკის ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა" - არჩილ გორდულაძე

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და არეულობის შემოტანის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

მმართველ გუნდში პოდოლიაკის ძველ კომენტარებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

"ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, ვინ არის ბატონი პოდოლიაკი და რა განცხადებებს აკეთებდა იგი მთელი 2022 წლის განმავლობაში. მის განცხადებებსა და, ზოგადად, უკრაინის ხელისუფლების ქმედებებში პირდაპირ იკითხებოდა ხოლმე არაკეთილსასურველი განცხადებები და ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, მათ შორის, ეს ეხებოდა მეორე ფრონტის გახსნასაც.

შესაბამისად, როდესაც ბატონო პოდოლიაკი განცხადებას აკეთებს, აღქმული არის და ყოველთვის აღქმული იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება. მისი ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ეს ბატონები პირდაპირ ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. სულ ორი ვარიანტია: როდესაც მათ ასეთ დროს სცალიათ, რომ საქართველოზე განცხადება გააკეთონ, ისინი ან საკუთარ თავზე დაკისრებულ მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებენ და არ შეუძლიათ იმუშაონ ისე, როგორც ეს არის უკრაინელი ხალხის ინტერესებისთვის სასარგებლო, ან მეორე ვარიანტია - რომ ისინი პირდაპირ, გარკვეული ძალების მითითებით ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

მიხეილ პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს.

"წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ - თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური, უბრალოდ აბსოლუტური, უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს "ქართული ოცნება", პრორუსული პარტია", - თქვა პოდოლიაკმა.

 

დღის ამბები