20-მდე რაკეტა და 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი – რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს. ოკუპანტი სახელმწიფო უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ახალი წლის დღეებშიც ბომბავს.
სტანდარტულ საბრძოლო იარაღთან ერთად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკურ რაკეტებსაც იყენებს. გასულ ღამეს კიევის ოლქზე თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
საპასუხოდ კი რუსეთზე იერიშს ახორციელებს უკრაინა, ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა სამხედროებმა 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის, 2 ფინეთის ყურის მახლობლად, რის შემდეგაც "როსავიაციამ" სანქტ-პეტერბურგის "პულკოვოს" აეროპორტის მუშაობა დროებით შეაჩერა. ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ, მიზეზად, სამოქალაქო ხომალდების ფრენების უსაფრთხოება დაასახელა.
უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს მიმართავს და მათგან ახალ სამხედრო აღჭურვილობას ისევ ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აუცილებელია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების მუდმივი შევსება და მობილური სახანძრო ჯგუფების ტევადობის გაზრდა. ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი მომავალ კვირას ახალ შეხვედრებს და მოლაპარაკებებს აანონსებს.
ამერიკის ახალი ადმინისტრაციიდან წამოსული სიგნალების შესახებ აკეთებს აქცენტს გაეროში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. დიპლომატი ამბობს, რომ კონფლიქტის გაყინვის შესახებ გზავნილი მისაღები არ არის და რუსეთი 2025 წელს ომის დასრულებას, მხოლოდ საკუთარი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში განიხილავს.
უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებასა და ევროკავშირში მშვიდობის შენარჩუნებაზე ამახვილებს ყურადღებას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი. ანტონიო
კოშტამ ევროკავშირის საბჭოს ღონისძიებაზე , სადაც პოლონეთის თავმჯდომარეობა აღინიშნებოდა თქვა, რომ უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი 2025 წელსაც უნდა იყოს.
უკრაინაში ომის 1045-ე დღეა, რუსეთის აგრესია გრძელდება, ომში მყოფი ქვეყანა კი ოკუპანტი სახელმწიფოს შეტევებისგან თავის დაცვას ცდილობს.
ავტორი: ლუკა ჩანგელია