უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია კიევში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.
რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. 2 მცირეწლოვანი დაიღუპა და სულ 10-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი სუმის ოლქში 5-სართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად. სუმის ოლქის 12 სასაზღვრო დასახლება, გუშინ 92-ჯერ დაიბომბა, დაფიქსირდა 200-ზე მეტი აფეთქება.
აფეთქებები იყო რუსეთშიც - როსტოვის ოლქის ზოგიერთ ქალაქში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში უკრაინული დრონებით მიიტანეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 150-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელ მიმართულებებად პოკროვსკი და კურსკი დასახელდა. უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქში რამდენიმე დასახლების მიმართულებით დაწინაურდნენ.
განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც.
"სამაშველო ოპერაციები სუმის ოლქში მიმდინარეობს. კიდევ ერთი რუსული თავდასხმა უკრაინელ ოჯახების სიცოცხლეზე.
ამოცანა უცვლელი რჩება - ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ჩვენ ვემზადებით რამშტეინის მომავალი შეხვედრისთვის.
სიცოცხლეს სჭირდება დაცვა აქ და ახლა, უკრაინაში და, ამ მიზნით, საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედი უნდა იყოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და გვეხმარება საჰაერო დაცვის განვითარებაში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.