08 იანვარი 2025,   02:45
ვრცლად
"ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, რომელიც გრძელდება 7 დღე, ყველაზე მაღალი სიხშირით გართულებები ახასიათებს სასუნთქი სისტემის კუთხით" - ექიმები გრიპის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით

გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ექიმები აცხადებენ, რომ მიმართვიანობა კლინიკებში გაზრდილია, თუმცა შემთხვევების პიკს იანვრის შუა რიცხვებში ელოდებიან.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული და აბდომინური პედიატრიის განყოფილების უფროსის, სოფიო ცერცვაძის თქმით, პრევენციის კუთხით ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა.

"იანვრის ბოლოს ველოდებით ამ ტალღის პიკს. მოიმატებს შემთხვევები და შემდეგ ნელ-ნელა კლებისკენ წავა. გრიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, რომელიც გრძელდება 7 დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ყველაზე მაღალი სიხშირით გართულებები ახასიათებს სასუნთქი სისტემის კუთხით.

მთავარი რეკომენდაციაა, რომ მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. ხშირად გავანიავოთ ოთახები, რათა არ იყოს დიდხანს დახურული სივრცე, შეძლებისდაგვარად ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ ხელების ჰიგიენა და რაც მთავარია, ვაქცინაცია", - განაცხადა სოფიო ცერცვაძემ.

ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია გოლიაძის განცხადებით, ვირუსის მართვის პროცესში ექიმთან დროულ მიმართვიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"მოიმატა გრიპების რაოდენობამ, საკმაოდ ბევრი პაციენტი შემოდის, განსაკუთრებით ბავშვები და მოზრდილები. ისეთი ვირუსული დაავადება, როგორიც არის გრიპი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის მკურნალობაში იმას, თუ როდის მივა პაციენტი ექიმთან. თუ პირველ სამ დღეში მოხდა მისი ექიმთან კონსულტაცია, არსებობს გრიპის საწინააღმდეგო სპეციალური მედიკამენტი, ამიტომ, გართულებები ამ პრეპარატის მიღების შემდეგ აღარ დგება, შესაბამისად, ექიმთან დროულ მიმართვიანობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა", - განაცხადა ლია გოლიაძემ.

დღის ამბები