09 იანვარი 2025,   07:21
ვრცლად
"მოუსმინონ ქალბატონ პიას და გაიგონ მისი ნათქვამი, რომელიც ამბობს, რომ ლეგიტიმაციის წყარო მხოლოდ და მხოლოდ ხალხი შეიძლება იყოს" - არჩილ გორდულაძე

"მოუსმინონ ქალბატონ პიას და გაიგონ მისი ნათქვამი, რომელიც ამბობს, რომ ლეგიტიმაციის წყარო მხოლოდ და მხოლოდ ხალხი შეიძლება იყოს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას განმარტებებს გამოეხმაურა.

არჩილ გორდულაძის შეფასებით, საერთაშორისო პარტიონორებმა ქართველი ხალხის ნებას პატივი უნდა სცენ.

"როდესაც საუბარი არის ფინეთზე, რომ ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, ვერც სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საერთაშორისო ქვეყნების წარმომადგენლები, თუ ეს ყველაფერი მუშაობს და ასე მოქმედებს დემოკრატია ფინეთში, ზუსტად ასე უნდა მოქმედებდეს საქართველოში.

როგორც ჩვენ ვცემთ პატივს სხვა ქვეყნის არჩევანს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ზუსტად ანალოგიურს მოველით და მოვითხოვთ, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტი გადადო, ვრცელი განმარტება გააკეთა. "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ფინეთის პარლამენტის წევრი პია კაუმა გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. ამბობს, რომ სამი ოპოზიციური პარტიიდან მიიღო წერილი და მან მიიჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ამ ეტაპზე მზაობა დიალოგის. რაც შეეხება მოსაზრებას რომ დაგეგმილი და შემდეგ გადადებული ვიზიტი ხელს შეუწყობდა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, პია კაუმა განმარტავს, რომ ეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მანდატი არ არის. "ჩვენ ასე არ ვიქცევი", - აცხადებს პია კაუმა და საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ამბობს რომ მნიშვნელოვანია, გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. "ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას", - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

დღის ამბები