10 იანვარი 2025,   01:00
ვრცლად
"ეს არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟი, მტრობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი, შეუძლებელია სხვანაირად შეაფასო" - მამუკა მდინარაძე 3 ოპოზიციური გაერთიანების მიმართვაზე

"ეს არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟი. მტრობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სამი ოპოზიციური პარტიის განცხადებას.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული ოპოზიციის ქმედებები გარედან არის ნაკარნახევი.

"ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ რომ საქართველო, რაც შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, იმდენად იყოს ევროსტრუქტურებთან და აშშ-სთან გართულებული ურთიერთობები, ამის დალაგებას ან დიდი დრო დასჭირდეს, ან გართულდეს და ა.შ. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟი, მტრობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი. შეუძლებელია სხვანაირად შეაფასო ის ყოველდღიური საქმიანობა, მათი მტრობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ისინი ჩადიან და ამას არ აკეთებენ თავისი ნებით. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მათი გადადგმული ნაბიჯი არის გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული ნაბიჯები. სხვანაირად ისინი არ მოქმედებენ, არც აქვთ უფლება რომ სხვანაირად იმოქმედონ, რასაც უკარნახებენ, იმას აკეთებენ.

ჩვენ ვნახეთ [აშშ-ის] უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯები. ყველაზე რადიკალური ეს ნაბიჯები გახდა ბოლო პერიოდში და შესაბამისად მოქმედებენ მათი აგენტურის წარმომადგენლები საქართველოში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სამი ოპოზიციური გაერთიანება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს, რომ ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება.

 

დღის ამბები