10 იანვარი 2025,   00:59
ვრცლად
"დაპირებების შესრულებაზე, რომელიც მიბმულია საკონსტიტუციო უმრავლესობასთან, უარს არ ვიტყვით" - მამუკა მდინარაძე

"დაპირებების შესრულებაზე, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობასთან, რაც არ არის მიბმული საკონსტიტუციო უმრავლესობასთან - იცით, რომ ბევრი საკითხი და დაპირება ამასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თუ არ არის საჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობისა და ჩვენ ამ დაპირებების შესრულება ისე შეგვიძლია, ბუნებრივია, ჩვენ უარს არ ვიტყვით", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ყველა სპეკულაციისთვის, რაც, შესაძლოა მოჰყვეს 2008 წლის ომის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

"ყოველთვის მზად ვიყავით ნებისმიერი სპეკულაციისთვის, რაც შეიძლება გარედან მოჰყვეს ამას. მგონი, საქმით დავამტკიცეთ, რომ ამისთვის მზად ვართ.

რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს - დაპირებების შესრულებაზე, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობასთან, რაც არ არის მიბმული საკონსტიტუციო უმრავლესობასთან - იცით, რომ ბევრი საკითხი და დაპირება ამასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თუ არ არის საჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობისა და ჩვენ ამ დაპირებების შესრულება ისე შეგვიძლია, ბუნებრივია, უარს არ ვიტყვით. მხოლოდ იმიტომ, რომ სიტყვა იყო ნათქვამი საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების შემთხვევაშიო, თუ ამის გარეშეც შეგვიძლია, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოების წინაშე ყველა დაპირებას შევასრულებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.

დღის ამბები