09 თებერვალი 2025,   11:37
ვრცლად
სამ ეტაპიანი შეთანხმება და ერთი დღე ზავის ამოქმედებამდე - ახლო აღმოსავლეთის ომი და მშვიდობა

ღაზაში ისრაელელი მძევლების გათავისუფლებამდე რამდენიმე საათი რჩება. პირველი ნაკადი 15 თვიანი ტყვეობის შემდეგ რაფაჰის გადასასვლელით ჯერ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადავა, იქიდან კი ისრაელში გადაიყვანენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნეთანიაჰუს მთავრობამ უკვე ოფიციალურად დაამტკიცა.

"ჰამასსა" და ისრაელს შორის შეთანხმება სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე ისლამისტურმა დაჯგუფებამ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელი ჰ"ამასს" 95 პალესტინელ პატიმარს გადასცემს, მათ შორის უმეტესობა ქალები და არასრულწლოვნები არიან. ზავი ოფიციალურად ხვალიდან ამოქმედდება და მომდევნო 42 დღის განმავლობაში მძევლების გაცვლის პარალელურად, უნდა მოხდეს ისრაელის ჯარების ეტაპობრივი უკან დახევა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.

15 თვიანი ომის დასრულებას იმედით ელოდებიან რიგითი პალესტინელები. ზავის მიღწევას ომისგან განადგურებულ ქუჩებში ზეიმი და ოვაციები მოჰყვა. ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მყოფი ღაზელები იმედოვნებენ, რომ ოჯახებს, მათ შორის ბავშვებს ცხელი კერძის მოსაპოვებლად საათობით რიგში დგომა აღარ მოუწევთ.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმებიან ისრაელელებიც. თელ-ავივის მოსახლეობა ამბობს, რომ გარიგება ოჯახებს მძევლებთან ერთად იმედსაც დაუბრუნებს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ემთხვევა შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. დონალდ ტრამპი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ "ჰამასს" ჯოჯოხეთს ჰპირდება, თუ შეთანხმების მიხედვით, მძევლების გათავისუფლება არ მოხდება. კაპიტოლიუმში დაგეგმილ ინაუგურაციამდე კი 48 საათზე ნაკლები რჩება.

ცეცხლის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, ხან იუნისში მცხოვრები პალესტინელები ისრაელის თავდასხმის დროს დაღუპულ ოჯახს გლოვობენ. დედა, მამა და სამი მცირეწლოვანი საჰერო იერიშის დროს დაიღუპა.

შეთანხმების გამოცხადებიდან მის ამოქმედებამდე, ისრაელის თავდასხმებს უკვე 120 პალესტინელი შეეწირა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ზავის მიხედვით ცეცხლი ხვალ დილიდან უნდა შეწყდეს. ჯამში, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 45 000-ზე მეტი ადამიანი. ასეულობით ათასი კი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.

ისრაელმა ღაზის სექტორში, "ჰამასის" წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ისრაელის მონაცემებით, "ჰამასის" ტყვეობაში რჩება 90-ზე მეტი მძევალი, რომელთაგან 30-ზე მეტი შესაძლოა, ცოცხალი აღარ იყოს.

დღის ამბები