
400 ხმით 63-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რიგით მე-6 რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მხარდამჭერები 26 ოქტომბერს არჩევნებს არ აღიარებენ, ითხოვენ ახალ არჩევნებს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ; მოითხოვენ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას, ისმის მოწოდება პერსონალური სანქციების დაწესებაზე პოლიტიკური ლიდერების, მთავრობის წევრების, მოსამართლეებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ. ევროპარლამენტი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაწესების მომხრეა გარკვეული ბიზნესმენებისა და მედია მფლობელების წინააღმდეგაც, რეზოლუცია კვლავ იმეორებს მოწოდებას, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სტატუსი გადაიხედოს.
უსამართლოსთან ერთად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მმართველი პარტიისთვის ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაცაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასეთი დოკუმენტები ევროპულ ბიუროკრატიაზე მძიმედ აისახება. საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ მორიგ რეზოლუციას მთავრობის მეთაური ქვეყნის შიგნით ოპოზიციის და მათი უცხოელი პარტნიორების კოორდინირებულ მუშაობას და ინტერესს უწოდებს.
ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებისთვისაც. მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტში კენჭისყრის დასრულების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა. პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირმა უნდა შეძლოს და თავი დააღწიოს "დიფ სთეითის" ზეგავლენას.
დღეს დამტკიცებული დოკუმენტი გამონაკლისი არ ყოფილა და რეზოლუციაში კვლავ ჩაიწერა ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, თუმცა დოკუმენტში ამ თემას ისიც დაემატა, რომ ევროპარლამენტარებს სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ. სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისში ოპოზიციის ნაწილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
მმართველი გუნდის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს, სიმბოლური ხასიათისაა და პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს. მაგალითად, ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ სანქციებს უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგება. "ქართული ოცნების" დეპუტატები ევროპელი კოლეგებისგან პირველ რიგში სამართლიანობას მოითხოვენ.
რეზოლუციის საბოლოო ტექსტში ვერ მოხვდა გერმანელი და ბულგარელი ევროპარლამენტარების ვერსია. ისინი ევროკავშირს "ქართული ოცნების" მთავრობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდნენ დაა აღნიშნავდნენ, რომ სანქციებით მუქარა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერება რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაშორებას იწვევს. ამ ჩანაწერის ავტორი ევროპარლამენტარების ჯგუფშია ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი გერმანული პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის".