13 აგვისტო 2026,   04:42
ვრცლად
დიდთოვლობამ ყველაზე მეტად პრობლემები გურიაში შექმნა, სადაც რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები და სპეციალური ტექნიკა - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ზოგიერთი სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ცოცხალი ძალა, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, ყველა კრიტიკულ მონაკვეთზე კომუნიკაციის აღდგენას ცდილობს.

თავდაცვის ძალები სამაშველო ოპერაციაში, პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო. ასობით სამხედრო სტიქიის ზონაში გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩავიდა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები მოსახლეობის დასახმარებლად ერთდროულად ექვს მიმართულებაზე მუშაობენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მაშველიც. მოხუცები, ორსულები, მცირეწლოვანი ბავშვები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ათეულობით პირი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შსს-ს თანამშრომლები მობილიზებული არიან შიდა გზებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე. სტიქიის ზონაშია შს მინისტრი.

უკვე მეოთხე დღეა, რეგიონში რთულ ლოკაციებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, თუმცა ინტენსიური თოვა, ხშირად სამუშაო პროცესს აფერხებს. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი შრომა და მიმდებარე დასახლებები, რომელიც გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. ამ ტერიტორიებზე მაშველებმა გზა გასული ღამის განმავლობაში გაწმინდეს.

ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე სოფელში სპეციალური ტექნიკა ვერ მიდის. გაწმენდითი სამუშაოები ორივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის აცანას მონაკვეთზე. მოსახლეობასთან კავშირის აღდგენა უკვე მოხერხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფლების ნაწილს დენი შეზღუდვით მიეწოდება, ელექტრო მომარაგების აღდგენას გზებზე, არსებული ვითარება აფერხებს. სრული დატვირთვით მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მოსახლეობას ადგილზე საკვებით მედიკამენტებითა და საჭირო ნივთებით უზრუნველყოფენ.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. სტიქიის ზონაში ჩავიდა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი. გურიაში არიან ოლიმპიური ჩემპიონები - გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.

საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს საკოორდინაციო შტაბი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით სხდომა დღეს ორჯერ გაიმართა. ირაკლი კობახიძემ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა. მთავრობის მეთაურმა მოინახულა სოფელ შრომაში მდებარე ოპერატიული შტაბიც. საბჭომ კრიტიკულ მონაკვეთებზე დამატებითი ტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო.

სტიქიის ზონაში ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი გურიის რეგიონში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

სტიქიის ზონაში უწყვეტად მუშაობენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები. გზების ნაწილი უკვე გაიწმინდა, თუმცა რჩება რთული და კრიტიკული მონაკვეთები, სადაც კომუნიკაციის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია. 

დღის ამბები