10 აგვისტო 2026,   16:18
ვრცლად
კოხლეარული იმპლანტაცია - სმენის დაბრუნების შესაძლებლობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სმენის დაბრუნების შანსი ეძლევათ. კოხლეარული იმპლანტაცია მნიშვნელოვანია სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია.

ბენეფიციარებს შორის არის 2 წლის ევაც, რომელსაც პირველად საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური კოხლეარული იმპლანტის საშუალებით შესაძლებლობა მიეცა სიჩუმიდან ხმოვან სამყაროში გადასულიყო.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ეკა შარაძე Rustavi2.ge-თან დეტალურად საუბრობს, რა პროცედურები უნდა გაიაროს ბენეფიციარმა იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხარდაჭერა მიიღოს. 

 - პირველ რიგში გკითხავთ, როგორ აფინანსებს სახელმწიფო კოხლეარულ იმპლანტებს?

"წლებია უკვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 100 პროცენტით ფინანსდება მაღალტექნოლოგიური კოხლეარული იმპლანტი, რომლის ღირებულება 40 000 ლარია.  გარდა იმისა, რომ მაღალტექნოლოგიურ იმპლანტს სახელმწიფო უზრუნველყოფს, ასევე, ფინანსდება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის კურსი, რომელიც მოიცავს კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებასა და ლოგოპედის მომსახურებას. ამ სერვისით, ბენეფიციარების მდგომარეობა ძირეულად იცვლება და ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ისინი ხმებს სრულფასოვნად აღიქვამენ, რაც საშუალებას აძლევთ, საზოგადოებაში მაღალი ხარისხით ინტეგრაცია იყოს უზრუნველყოფილი", - აღნიშნავს ეკა შარაძე.

- რამდენი ხანია, რაც პროგრამა დანერგილია და მომავალში თუ გაგრძელდება?

"წლებია უკვე, რაც ეს პროგრამა არსებობს და მომავალშიც გაგრძელდება. ექიმი თვითონ წყვეტს აღნიშნულის საჭიროებას და სწორედ მისი დასაბუთებული მოთხონის საფუველზე, სახელმწიფო აფინანსებს იმპლანტებს და ხდება ჩვენი ბენეფიციარების უზრუნველყოფა", - აღნიშნა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

- რამდენად დიდია მოთხოვნა მსგავსი სახის იმპლანტაციის ჩატარებაზე და ვის შეუძლია პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება?

"ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ოპერაცია ტარდება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მომსახურება შეუძლია მიიღოს  იმ ბენეფიციარმა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი დიაგნოზი და საჭიროებს იმპლანტაციის ჩატარებას. შემდგომ ხდება ექიმის მიერ სათანადო დოკუმენტაციის ატვირთვა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ახორციელებს იმპლანტისა და პროცედურის დაფინანსებას. იმპლანტაციის პროცედურას,  ჯანდაცვის სოციალური სტატუსის შესაბამისად, სახელმწიფო, 70-დან 100 პროცენტამდე აფინანსებს. ასაკი შეზღუდული არ არის", - განმარტავს ეკა შარაძე.

- როგორია სტატისტიკური მონაცემები ეფექტიანობის თვალსაზრისით?

"ეს არის მაღალეფექტიანი პროცედურა, იმპლანტები არის საერთაშორისო სტანდარტისა და ხარისხის. აღნიშნული იმპლანტები ჩვენს პაციენტებს სმენას უბრუნებენ და ეს ფაქტი თავის თავზე მეტყველებს".

- რა გზას გადის თავად პაციენტი იმისთვის, რომ პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს?

"კოხლეარული იმპლანტის მიღების პროცედურა მარტივია: პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს კლინიკას, სადაც აპირებს მომსახურების მიღებას; ექიმი პაციენტის მონაცემებს ელექტრონულად "ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში" გზავნის; გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ბენეფიციარი მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებს; დადებითი პასუხის შემთხევაში, სმენის აპარატი იმპლანტირების განმახორციელებელ კლინიკას მიეწოდება", - აღნიშნა ეკა შარაძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

დღის ამბები