05 ნოემბერი 2026,   05:32
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები - დემონსტრანტები საზოგადოების ნაწილს გმირთა მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ

დღეს 9 აპრილია, ზუსტად 36 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელსაც თბილისში 21 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსთაველის გამზირზე, მემორიალთან აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. მათმა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა.

დილიდან ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და აქციის მონაწილეებს შორის. რუსთაველზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. ქვეყნის მთავარი გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები. პერიოდულად არის სიტყვით გამოსვლები.

ერთ-ერთი მოქალაქე 9 აპრილის მემორიალთან "ქართული ოცნების" დროშით მივიდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. მას 9 აპრილი მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

გარდა ამისა, ადგილზე მივიდა მოქალაქე, რომლებიც ამბობენ, რომ 36 წლის წინ განვითარებული მოვლენების მონაწილეები იყვნენ, თუმცა მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

"9 აპრილის მონაწილე ვარ, 9 აპრილს დაზარალებული, მოწამლული. მინდოდა მივსულიყავი 9 აპრილის მემორიალთან, პატივი მიმეგო და ახლოს არ მიმიშვეს. რატომ მიზღუდავ იმის უფლებას, რომ მივიდე. მაგრამ, ესენი მანიპულირებენ 9 აპრილით, გმირთა მემორიალით, იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. 9 აპრილს რომ ვიხსენებ ცრემლებს ვერ ვიკავებ. ცემა რომ დაგვიწყეს 9 აპრილის ღამეს, მეტი რომ არაფერი შეგვეძლო - საქართველო, საქართველოო, დავიწყეთ ძახილი, სამშობლოს ვუხმობდით მხსნელად", - განაცხადა მოქალაქემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და დღეს მემორიალთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აფასებს.

"ეს არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი. ბუნებრივია, მოდის მაგ პერიოდიდან, იმ ადამიანების დაღვრილის სისხლის მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ის, რაც ხდება დღეს, სამწუხაროდ, არის უმსგავსობა. არ ეძლევა ადამიანებს საშუალება პატივი მიაგონ 9 აპრილს დაღუპულებს, მოწამლულებს. ქალები არ მიუშვეს, წივილ-კივილი ატეხეს, ჩხუბი, შესაბამისად მეც ახლოს დავდექი, მოვტრიალდი იმიტომ, რომ ანალოგიური ვითარება გაგრძელდებოდა და ამ პროვოკაციას ავარიდე თავი", - განაცხადა ჯანდრი უბირიამ.

ცოტახნის წინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. დემონსტრანტებმა არც მას მისცეს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა.

ამის შემდგომ, მან ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლა და სწორედ იქ მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი.

"36 წელია რუსთაველზე დავდიოდით და გავიარეთ ის საშინელი დღე, რომელიც იყო, ამიტომ წელსაც პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირებს. ახლა გადავიხადეთ პანაშვიდი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. შევუნდოთ ურჯულოებანი მათი, ვინც არ უშვებს ქართველ ერს და იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, აღორძინებაში, სულიერებაში", - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

დღის ამბები