13 აგვისტო 2026,   07:39
ვრცლად
"სიტყვები ვერასდროს შეაჩერებს ბალისტიკურ რაკეტებსა და საჰაერო ბომბებს. გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი მიდგომა, როგორიც ტერორისტს ეკადრება" - ზელენსკი

უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. შეტევა, რომელიც დილით მოხდა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სარაკეტო შეტევა საოკუპაციო ძალებმა მაშინ განახორციელეს, როდესაც მრევლი ეკლესიაში ბზობის დღესასწაულის აღსანიშნად მიემართებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმა დაგმო და მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

"როდესაც მრევლი ეკლესიაში მიემართებოდა ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად - უფლის იერუსალიმში შესვლის ხსოვნის დღეს - მტერმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მხოლოდ არაპატიოსან და არაკაცურ ძალას შეეძლო ასეთი ქმედება. უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა მიუღებელია. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამჟამად, სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს.

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირებაა აუცილებელი - ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნისგან, რომელთაც სურთ ამ ომისა და მკვლელობების დასრულება. რუსეთი ზუსტად ამგვარი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს ომის გაჭიანურებას. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. სიტყვები ვერასდროს შეაჩერებს ბალისტიკურ რაკეტებსა და საჰაერო ბომბებს. ჩვენ გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი მიდგომა, როგორიც ტერორისტს ეკადრება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები