თბილისის ზღვის ტერიტორია, ტყის მასივი, ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც პოლიციამ გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი იპოვა. "ალფა პვპ", "მეტადონი" და "ბუპრენორფინი", სამართალდამცველებმა სხვადასხვა ადგილას სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით 4 პირია დაკავებული.
ერთ-ერთი დაკავებული 40 წლამდე მამაკაცია. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლში, სამტრედიის ქუჩაზე აიყვანეს.
დაკავებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება 33 წლის ბრალდებულსაც. "კურიერის" ინფორმაციით, ის რაულ ალესკეროვია, ნასამართლევი. ალესკეროვის ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს. კამერებთან საუბარი არ სურთ არც დაკავებულის ახლობლებს.
"კურიერის" ინფორმაციით, რაულ ალესკეროვი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ნარკოტიკს აფასოებდა, რომ შემდეგ ე.წ. დადების მეთოდით გაეყიდა.
ნარკოდანაშაულის საქმეზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში და ავტომობილებში ჩაატარეს. ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები.