21 მაისი 2025,   18:11
ვრცლად
კათოლიკური სამყარო რომის პაპს ემშვიდობება - ვატიკანში სამგლოვიარო ზარები დაირეკა

ვატიკანში სამგლოვიარო ზარები დაირეკა. მსოფლიომ დღეს დილით რომის პაპის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. 12-წლიანი მსახურების შემდეგ, კათოლიკური ეკლესიის მეთაური, პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, 7 საათსა და 35 წუთზე გარდაიცვალა. პაპის გარდაცვალება ვატიკანმა მალევე ოფიციალურად დაადასტურა.

პაპის გარდაცვალებიდან მალევე, წმინდა პეტრეს მოედანზე მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს. სწორედ აქ მიიღეს კათოლიკური ეკლესიის მეთაურისგან გუშინ სააღდგომო მილოცვა. პონტიფიკოსობის პერიოდში პირველად, პაპმა ტრადიციული სააღდგომო მიმართვის წაკითხვა ვერ შეძლო. მისი გზავნილები მორწმუნეებს, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ გააცნო. კათოლიკურმა სამყარომ, პაპის გარდაცვალების გამო, 9-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ეკლესიის მეთაურს, რიტუალის შესაბამისად წესს აუგებენ, მის ცხედარს პაპის ტანსაცმლით შემოსავენ და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენებენ, სადაც პაპ ფრანცისკეს პატივს ასიათასობით მორწმუნე მიაგებს.

პაპის დაკრძალვის პროცესია გარდაცვალებიდან 4-6 დღის განმავლობაში, წმინდა პეტრეს მოედანზე შედგება. ტრადიციის მიხედვით, კათოლიკური ეკლესიის მეთაური, წმინდა პეტრეს ბაზილიკის კრიპტაში იკრძალება, თუმცა ფრანცისკე ბოლო 1 საუკუნის განმავლობაში პირველი იქნება, რომელსაც ვატიკანის გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

პაპის გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიის ახალი მეთაური 138 კარდინალისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს, რომელიც 15-დან 20 დღის შუალედში, ვატიკანის სიქსტის კაპელაში შეიკრიბება. ფარულ კენჭისყრაში, მონაწილეობას მიიღებენ, ხმის უფლების მქონე 80 წლამდე კარდინალები. ხმის მიცემის დროს სიქსტის კაპელა ილუქება და ყველა გაუთქმელობის ფიცს დებს. ახალი პაპის ასარჩევად საჭიროა ხმების ორ მესამედზე მეტი.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, იწყება ბიულეტინების დათვლა. ამის შემდეგ სიქსტის კაპელაში არსებულ ერთ ქურაში ფურცლები, მეორეში კი ქიმიური ნივთიერებები იწვება. კაპელას საკვამურიდან ამოსული შავი კვამლი მსოფლიოს ანიშნებს, რომ ახალი პაპი ჯერ არჩეული არ არის, თეთრი კვამლი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევას დაადასტურებს.

კათოლიკური ეკლესიის 267-ე მეთაურს, სავარაუდოდ, მაისის თვეში აირჩევენ, მანამდე კი მსოფლიო რომის ეკლესიის 266-ე ხელმძღვანელს იხსენებს. იტალიის პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილში წერს, რომ მსოფლიომ დიდი ადამიანი დაკარგა. მწუხარება გამოთქვეს ევროკავშირის ლიდერებმა ურსულა ფონ დელაიერმა და კაია კალასმა. პაპის გარდაცვალებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი. ვიდეო მიმართვა გაავრცელა ემანუელ მაკრონმა.

პაპი ფრანცისკე კათოლიკური ეკლესიის მეთაურად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში. პონთიფიკოსი თამამად საუბრობდა ჰუმანიტარულ კრიზისებზე, მიგრაციაზე, ომზე და კლიმატის ცვლილებებზე. პაპი ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა. ის ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში 14 თებერვალს გადაიყვანეს, ვატიკანში კი 29 მარტს დაბრუნდა. დღეს კი მსოფლიომ პაპის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

დღის ამბები