
ხან-იუნისი, ჯაბალია, რაფაჰი - ღაზის სექტორში "ცახალი" სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს განაგრძობს. კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქებში იერიშებს, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 50 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის არმიამ პალესტინური ანკლავი ალყაში მოაქცია, სამხედროები სრული მზადყოფნის რეჟიმში არიან. "ცახალის" ხელმძღვანელობამ სამხედრო ოპერაციის გაგრძელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის კიდევ ერთი წინადადება უარყო.
"ვუბრძანე ისრაელის თავდაცვის ძალებს, "ჰამასს" მტკიცედ უპასუხონ და ზეწოლა გააძლიერონ, ამ ომს ძალიან მძიმე ფასი აქვს..." - ბენიამინ ნეთანიაჰუს ამ განცხადებას ისრაელში პროტესტით შეხვდნენ. დემონსტრანტები პრემიერს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლება მაზორში დახვდნენ. პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.
ისრაელში კრიტიკის და განხილვის საგანია ჰუმანიტარული მისიის წევრების მკვლელობის საქმეც.
"ცახალმა" საკუთარი სამხედროების შეცდომა აღიარა და თანამდებობიდან გაათავისუფლა სადაზვერვო დანაყოფის მეთაურის მოადგილე, რომლის ქვედანაყოფმა 23 მარტს ქალაქ რაფაჰში სასწრაფო მანქანების კოლონას ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 8 ექიმი, 6 პალესტინელი მაშველი და გაერო-ს თანამშრომელი.
რეგიონში ვითარების ესკალაციის პარალელურად, მედია წერს, რომ ეგვიპტე მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღდგენას ცდილობს. Reuters-ის მონაცემებით, ტერორისტული ორგანიზაციის ხელში, ამ დრომდე, 59 ისრაელელი მძევალი რჩება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.