21 მაისი 2025,   19:00
ვრცლად
ვინ გახდება "ნიჭიერის" ტიტულის მფლობელი - დღეს მეგაშოუს გრანდიოზული ფინალია

ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე რეიტინგული მეგა შოუს ფინალი რამდენიმე წუთში აიღებს სტარტს და ქვეყნის მთავარი ნიჭიერის ვინაობა ცნობილი გახდება.

ათი საუკეთესო მონაწილე, რომელიც ფილარმონიის დიდ სცენაზე ნიჭმა გააერთიანა - მაყურებელს ემოციურ, ექსპრესიულ და შთამბეჭდავ სანახაობას ჰპირდება.

პროექტის წარმატების მთავარი საიდუმლო მაყურებლის გაოცებაა, ამჯერად, დასკვნით ეტაპს ჟიურის ცეკვა გახსნის.

შოუმ, თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ დაამტკიცა, რომ არ არსებობს ბარიერი, რომელსაც "ნიჭიერი" ვერ გადალახავს. პროექტი ნებისმიერ ადამიანს აძლევს შანსს წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.

ასობით მონაწილიდან, მხოლოდ ათი რჩეული წარდგება მაყურებლისა და ჟიურის წინაშე - მათ შორის სამი "ოქროს ღილაკის" მფლობელია.

პროექტის განმავლობაში თითოეულ გამოსვლას თავისი ისტორია აქვს. ზოგისთვის ეს სცენა პირველი ნაბიჯია, ზოგიერთისთვის კი ოცნების ახდენა.

"ნიჭიერის" მეთერთმეტე სეზონის განმავლობაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, როდესაც კონკურსის მიღმა დარჩენილი მონაწილე ფინალში იქნება. ცოტნე ბარბაქაძე შოუს ნახევარფინალის დროს გამოეთიშა, თუმცა პროექტმა კიდევ ერთი შანსი მისცა, რომ ყველაზე "ნიჭიერის" ტიტულისთვის ბრძოლა გაეგრძელებინა.

ფინალი განსაკუთრებული კიდევ ერთი ფაქტის გამოა, მეგა შოუების ისტორიაში პირველად, პრიზი არის არა ერთი, არამედ ორი ბინა. ერთ ბინას მიიღებს "ნიჭიერის" გამარჯვებული, ხოლო მეორე სპონსორის რჩეული.

მოლოდინი დიდია, მაყურებლის ხმა გადამწყვეტი, მთელი საქართველოს ყურადღება კი ეკრანებისკენ მიპყრობილი. რამდენიმე საათში გავიგეთ ვინ გახდება ქვეყნის ახალი ნიჭიერი.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები