დიდუბეში ძლიერი ხანძარი, ე.წ. ბორჯომის ბაზრობაზე, დილის 6 საათზე გაჩნდა. რამდენიმე წუთში ცეცხლი, დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. მეხანძრე-მაშველებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს.
ორსართულიანი შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, სასაწყობე ფართებს, ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და საკანცელარიო ნივთების ასობით მაღაზიას აერთიანებს. მოვაჭრეთა ნაწილმა, საწყობებიდან, სადაც ცეცხლი გავრცელებული არ იყო, გასაყიდი პროდუქციის გამოტანა შეძლო, ნაწილის მაღაზიები კი სრულად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ე.წ. ბორჯომის ბაზრობის ტერიტორია "თბილისი ცენტრალს" საქართველოს რკინიგზისგან 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული. საიჯარო ხელშეკრულებით ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას შპს "ბაქანი" ახორციელებს. ეს კომპანიაა ადგილზე სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი - მოვაჭრეების ვერსიები განსხვავებულია. მათ შორის დასახელდა ელექტროგაყვანილობაც.
150 მეხანძრე-მაშველი და 30 ერთეული სპეცტექნიკა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს, თუმცა მხრჩოლავი კერების დამუშავების პროცესი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ხანძრის გავრცელების რისკებისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო, კლინიკა "ჰელსიკორიდან" პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე-მაშველებმა სამედიცინო დაწესებულებიდან 100-მდე პაციენტი გამოიყვანეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ და აღარც საგადასახადო ვალდებულებები ექნებათ. მოვაჭრეებმა შესაბამისი განცხადებით, შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.