
ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. ამ წუთისთვის ელექტროენერგია ყველა აბონენტს სრულად მიეწოდება. რთულ მონაკვეთებზე მუნიციპალურ სამსახურთან ერთად მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ, შეტყობინება აღარ დაფიქსირებულა.
"ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია და ნორმალური სიტუაციაა ქალაქში. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანებების ლიკვიდაციის დასრულების სამუშაოები. პრობლემა იყო ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც მალევე აღდგა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასრულებულია. დაზიანებული იყო რამდენიმე ხე-მცენარე, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებიც განხორციელდა. დაზიანებული იყო, ასევე, რამდენიმე კერძო ავტომანქანა სახურავების ვარდნის შედეგად," - აღნიშნა ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ.