24 ივნისი 2025,   11:30
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივები - პუტინი-ზელენსკის არშემდგარი შეხვედრა და თურქეთში გამართული მოლაპარაკების შედეგები

ისევ სტამბოლი, ისევ დოლმა ბაჰჩეს სასახლე და ისევ პრეზიდენტების გარეშე. ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, თუმცა შეხვედრის მთავარი ინიციატორი - არა. ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არც ამჯერად გამოცხადდა.

დიპლომატიურ ფრონტზე 3 წლიანი პაუზის შემდეგ, 90 წუთიანმა პირისპირ დიალოგმა ომის ბედი ვერც ამ ჯერზე გადაწყვიტა. ომში მყოფი ქვეყნის პირობას - 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რუსეთმა უკრაინული ჯარის დონეცკიდან, ლუჰანსკიდან, ხერსონიდან და ზაპოროჟიადან გაყვანის მოთხოვნით უპასუხა. გაჟღერდა სხვა ოლქების ოკუპაციის მუქარაც.

დაპირისპირებული ქვეყნებს შორის კონსენსუსი მხოლოდ 3 საკითხზე შედგა:

1. სახელმწიფოების ლიდერებს შორის შეხვედრის მომზადება

2. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმების წარდგენა და ბოლოს, 1000 რუსი სამხედრო ტყვე, 1000 უკრაინელის სანაცვლოდ. ომის დაწყებიდან დღემდე, ეს არის სამხედრო ტყვეების გაცვლის ყველაზე მასშტაბური შეთანხმება.

თითქმის 2-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მოსკოვი უკმაყოფილო არ დარჩა. თუმცა ცეცხლის შეწყვეტა რომ ამ ეტაპზე კრემლის გეგმებში არ შედის, ამის შესახებ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მოლაპარაკებების დარბაზის დატოვების შემდეგაც განაცხადა.

ვლადიმერ პუტინს თურქეთში ვერ შეხვდა, თუმცა ევროპელ კოლეგებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით ალბანეთში მიმართა. ტირანაში გამართულ სამიტზე, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

პასუხმა არ დააყოვნა ევროკავშირისგან. ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი დააანონსა.

ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, სტამბოლის შეხვედრის დეტალები ზელენსკიმ ტრამპს თავად გააცნო. მთავარ მედიატორს მიაჩნია, რომ ომის დასრულებისთვის აუცილებელია მისი და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა. ეს კი, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

ვიდრე მსოფლიო ლიდერები დიალოგის მაგიდასთან ისევ შეიკრიბებიან, სტამბოლის შეხვედრის დასრულებიდან 48 საათში, ოკუპანტმა კიევის თავზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა. უკრაინის დედაქალაქის და სხვა ქალაქების მიმართულებით, ჯამში 300-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

დღის ამბები