ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ერგნეთში დასრულდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შესახებ იმსჯელეს. ძირითადი განსახილველი საკითხი კვლავ ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრების მდგომარეობის და მათი უპირობოდ გათავისუფლების საკითხი იყო. იმსჯელეს ასევე უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე. საანგარიშო პერიოდში ასეთი 7 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.
მომავალი შეხვედრა ერგნეთში 21 ივლისს ჩაინიშნა.
“მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო გათავისუფლებაზე. როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 10 თანამოქალაქე. არანაირი კონკრეტული დაპირებები ამ კუთხით გაცემული არ იქნა, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა მივაღწიოთ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქის საკუთარი ოჯახისთვის დაბრუნებას“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.