ფრაქცია "ქართული ოცნების" სარჩელის მასალები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს უკვე გადასცა. უწყებამ მმართველი გუნდის საჩივრის საფუძველზე, რომელიც სოციალურ ქსელში ოპონენტების მხრიდან შეურაცხყოფის, ბულინგისა და აგრესიის კამპანიას ეხება, ადმინისტრაციული კოდექსით გამოძიება დაიწყო. საუბარია 173-ე მუხლზე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
მმართველ ფრაქციაში სარჩელის შეტანის მოტივად მსგავსი ფაქტების პრევენციას ასახელებენ. ამბობენ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ოპონირება და თავდასხმა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს. უმრავლესობიდან დღეს სიძულვილის კამპანიის დაგმობისკენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსაც მოუწოდეს.
სოციალურ ქსელში საჯარო პირების მიმართ მუქარა, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენება, შეურაცხყოფა ოჯახის წევრების მიმართ აპრობირებული მეთოდია. "ქართული ოცნების" სარჩელში, ოპონენტების, მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი შინაარსის არაერთი გზავნილო მოხვდა.
"ქართული ოცნების" სარჩელს მიუღებლად მიიჩნევენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სამართლებრივი ბრძოლის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ სიძულვილის კამპანია ხშირად სწორედ მათი წახალისებულია. კანონმდებლების აზრით, სარჩელს სიძულვილისა და შეურაცხყოფის კამპანიის წინააღმდეგ სამომავლოდ პრეცედენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს, რაც ქვეყანაში ჯანსაღი ოპონირების კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მმართველი გუნდის საჩივართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. უახლოეს დღეებში კი, სასამართლოსთვის წარდგენილი საქმისწარმოების მასალების საფუძველზე, სასამართლო განხილვები დაიწყება.