
21-22 ივნისს, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი "ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.
ჩატარების ადგილის მსგავსად, უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც "ზაფხული იწყება აქ". ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალო სივრცეში, სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.
ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. შემდეგ კი სცენა დაეთმობა ადგილობრივ და მოწვეულ ბენდებს - "ურსა", "New One", "რეგიონი", "კახაბერი და ხანუმები", "მიქსტურა", "La Fiesta", "Moonlight" და "Four Up".
ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ.
ადგილზე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 150-მდე მეწარმე წარმოადგენს თავიანთ პროდუქციას.
ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ, რომლის ნახვაც ზღვის სანაპიროზე დღის 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
დღის განმავლობაში, დაგეგმილია გასართობი პროგრამა ბავშვებისთვისაც.