18 ივლისი 2025,   17:19
ვრცლად
ტაილანდურ მასაჟზე მისულ კლიენტებს, სექსუალურ მომსახურებასაც სთავაზობდნენ, წყვილებს ფართებს საათობრივად უთმობდნენ და ფულს ინაწილებდნენ - დაკავება პროსტიტუციის საქმეზე 

ფარულად ჩაწერილი საუბრით ირკვევა, რომ ტაილანდურ მასაჟზე მისულ კლიენტს, სექსუალურ მომსახურებასაც სთავაზობდნენ. მასალაში ისმის რომ ადმინისტრატორი, მამაკაცს გადასახადის რაოდენობასაც უკონკრეტებს.

მასალა ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტზეა გადაღებული. ტაილანდურ მასაჟისტთან ერთად, სექსუალურ მომსახურებას, სხვა მისამართებზეც სთავაზობდნენ.

კონკრეტული ფაქტების ამსახველი მტკიცებულებები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ტაილანდური მასაჟის ადმინისტრატორების შემოსავლის ძირითად წყარო, პროსტიტუციის ხელშეწყობით აღებული თანხა იყო.

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემისთვის, პოლიციამ ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი პროსტიტუციაში ჩართული ქალებისთვის, კლიენტებს არჩევდნენ, შემდეგ კი წყვილებს ფართებს საათობრივად უთმობდნენ. მიღებულ თანხას კი, ერთმანეთში ინაწილებდნენ.

ტაილანდური მასაჟის 10 ობიექტზე, სადაც ოთახები პროსტიტუციისთვის გამოიყენებოდა, სამართალდამცველები ერთდროულად შევიდნენ. ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავასა და ახვლედიანის ქუჩებზე მასაჟის ცენტრები პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედების კვალი ეტყობა. ყველა ობიექტის კარი დალუქულია.

ახვლედიანის ქუჩაზე, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები ყველამ იცის. რას საქმიანობდნენ დაკავებულები? - ამ კითხვაზე საჯაროდ პასუხის გაცემას, ადგილობრივები ერიდებიან.

ტაილანდის მოქალაქეებს დღის ბოლოს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ყველა მათგანი ქალია. ისინი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ.

პროსტიტუციის საქმეზე, ხვალ სასამართლო ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა შვიდივე დაკავებულის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ბრალდების მხარე იმ მტკიცებულებებზე საუბრობს, რომლებიც გამოძიებამ ტაილანდის მოქალაქეების დაკავებამდე მოიპოვა. მთავარი მტკიცებულება - მოსამართლის განჩინებით, მასაჟის ცენტრებში ფარულად გადაღებული მასალაა.

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, გამოძიება ტაილანდური მასაჟის სხვა ობიექტების მუშაობითაც დაინტერესდეს და შესაბამისად დაკავებულთა რიცხვიც გაიზარდოს.

დღის ამბები