"რეგიონის ბევრ ქვეყანას გარკვეულწილად რთული და სტაბილური ურთიერთობა აქვს ორივე მხარესთან, როგორც ისრაელთან, ასევე ირანთან. ეს იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ და ვიმედოვნოთ, რომ ზოგადად გლობალური სამხრეთი და რეგიონის ქვეყნები შეძლებენ ამ პროცესზე გავლენის მოხდენას ისე, რომ კონფლიქტის მწვავე ფაზა დასრულდეს," - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
მისივე თქმით, ის ირანის, ისრაელისა და აშშ-ის პირველ პირებს ესაუბრა და კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა წარუდგინა.
"როდესაც ვამბობდი, რომ რუსეთის ფუნდამენტურ პოზიციაზე, სხვების უსაფრთხოების ხარჯზე, ზოგიერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ყველას გვესმის რაზეც ვსაუბრობდი. ერთი მხრივ ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე, მის უფლებაზე - ჰქონდეს მშვიდობიანი ატომური და ბირთვული ენერგია. მეორე მხრივ კი რაზეც ისრაელი დაჟინებით საუბრობს - საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ჩემი აზრით, ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის პოვნა ნამდვილად შესაძლებელია. ჩვენ ვესაუბრებით როგორც ისრაელს, ასევე ჩვენს ირანელ მეგობრებს. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს - ასევე ირანის პრეზიდენტს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ არიან ჩართულნი ყველა ამ პროცესში. მე მათ წარვუდგინე ჩემი ხედვა, ჩვენი წინადადებებიც. ჩვენ გვაქვს კონტაქტები ჩვენს ირანელ მეგობრებთან, ეს პრაქტიკულად ყოველდღიურად ხდება. ასე რომ, ვნახოთ. ძალიან მინდა, რომ ჩვენი იდეები სხვა საკითხებთან ერთად განხორციელდეს," - განაცხადა პუტინმა.