18 ივლისი 2025,   17:13
ვრცლად
შეიარაღებული დაპირისპირების მეცხრე დღე - როგორია ვითარება ახლო აღმოსავლეთში  

ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აინთო, ბოლო ჯერ კიდევ არ უჩანს. ისრაელი ირანს, ირანი კი ისრაელს უტევს. "აღმავალი ლომი" აღმასვლას განაგრძობს - ნადგურდება ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურა და ადამიანურო რესურსი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ბირთვულ პოტენციალს ქმნის.

საჰაერო იერიშებს ახორციელებს ირანიც. იბომბება ისრაელის ქალაქები. მთავარი სამიზნე კვლავ რაფაჰი და თელ-ავივია.

ისმის ზეპირი განცხადება, თუმცა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა ჯერ ვერ შეძლეს. ისრაელი პოზიციას არ ცვლის. "ცაჰალის" მიზანი, ირანის სახით მნიშვნელოვანი საფრთხის სრული ლიკვიდაციაა.

სანამ ბენიამინ ნეთანიაჰუ მსოფლიოს საფრთხეებზე საუბრობს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ ჟენევაში შეკრებილ დასავლელ დიპლომატებს მიმართა, ხოლო შემდეგ თურქეთის პრეზიდენტსაც შეხვდა. "არანაირი მოლაპარაკება, ვიდრე ისრაელი ისლამური სახელმწიფოს დაბომბვას არ შეწყვეტს!" - აბას არაღჩი, დარწმუნებულია იმაშიც, რომ "ცაჰალის" მიერ დაწყებულ სპეცოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელი ურევია.

შეიარაღებული დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს ისიც, ვინც ევროპაში უკვე 3 წელია მასშტაბურ ომს აწარმოებს. ვლადიმერ პუტინი მხარეებს მოუწოდებს დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას პატივი სცენ.

პუტინს პასუხი უკვე გასცა დონალდ ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში რუსეთს მომლაპარაკებლად ვერ აღიქვამს, ვიდრე ის უკრაინაში ომს არ დაასრულებს. თეთრი სახლის ლიდერი არც იმას მალავს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების გასაღები შეერთებული შტატების ხელშია, თუმცა არ ჩქარობს და მედიასაც ურჩევს, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდონ.

შეიარაღებული კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის 13 ივნისს დაიწყო. "ცაჰალი" ანადგურებს ისლამური სახელმწიფოს ბირთვულ ინფრასტრუქტურას. უტევს სამეცნიერო ცენტრებს, რომლებიც ურანის გამდიდრებაზე მუშაობენ. პირობას დებს, რომ ირანის სრული დემონტაჟი მოხდება. თავდასხმებს ახორციელებს თეირანიც, რომელიც ისრაელის განეიტრალებით, ასევე ახლო აღმოსავლეთში, დასავლური სამხედრო ბაზების დაბომბვით და შურისძიებით იმუქრება.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე. 

დღის ამბები